დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, სადაც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს, ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.
უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას პარტიული ინტერესების გარდა არაფერი ადარდებს.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყანამ “ნაციონალურ მოძრაობის“ სახით ყველაზე დიდი ეპიდემია გამოიარა, რომელიც 2012 წელს დასრულდა.
“გისმენდით ბატონო რომან და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თქვენთვის თქვენი პარტიული ინტერესის მიღმა არაფერი არ დგას. არც ადამიანთა სიცოცხლე, არც ჯანმრთელობა და არც არაფერი. ერთადერთი კრიტერიუმი თქვენთვის წინასაარჩევნოდ ვიწროპარტიული ქულების დაწერაა
მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა. ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანა,”- განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, კოვიდ-ეპიდემიამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
“დაიკარგა საქართველოს 1/3 ტერიტორია და დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ეს ყველაფერი. აქეთ გვასწავლის ჭკუას, აქეთ ეუბნება ხელისუფლებას როგორ მოიქცეს. სინამდვილეში ყველაზე დიდი პოლიტიკური ეპიდემია ჩვენს რეალობაში „ნაციონალური მოძრაობაა“,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რომან გოცირიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრებს დეპუტატებსაც კი ვერ უწოდებს და მათ მხოლოდ “ადამიანი ვირუსი” შეიძლება დაერქვათ.
„თქვენ ხართ ვირუსი. სხვანაირად თქვენ რა უნდა გიწოდოთ ? დეპუტატი არ ხართ, უფლებებს აძლევთ მთავრობას. პერსონალურად თქვენი საუბარი შეიძლება შეფასდეს არა ადამიანის, არამედ- ადამიანი ვირუსის. თქვენი დღევანდელი განცხადება არ არის პოლიტიკოსის განცხადება“,-მიმართა რომან გოცირიძემ დავით მათიკაშვილს.
შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
ამასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ფაქტობრივად, ესაა მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული.