ევროპარლამენტარი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი იძლევა პერსპექტივას, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობა შესრულდება.
ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ მომზადებული მოხსენება წარადგინეს.
“მივესალმები საქართველო პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ნამდვილად იძლევა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელების პერსპექტივას,
მსურს, ხაზი გავუსვა ამ შეთანხმების მიღწევაში ფასილიტატორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის კარლ ჰერცელის როლს და ვფიქრობ, ეს არის ის, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც გარკვეული სახის პოლიტიკური კრიზისი აქვთ,”- აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.
ანდრიუს კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები სახით დიდი გამოწვევა აქვს.
“საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, ის თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს,“- განაცხადა კუბილიუსმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.
ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს უკავშირდება და მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.