დღეს ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოზეც იმსჯელებენ.
სხდომაზე ევროპარლამენტარები საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას განიხილავენ.
ანგარიშში აღნისნულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს უკავშირდება და მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
„ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნდობლობის ზრდას და დაძაბულობის გაღრმავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელი შეუწყო პოლარიზაციას საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პატივი სცეს დამოუკიდებელი სასამართლოს უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლოს, რისი ვალდებულებაც მას აკისრია.
მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში სერიოზული ხარვეზები გამოვლინდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოისმენენ ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს. სხდომაზე სიტყვით წარსდგება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარიც ოლივერ ვარჰეი.
ევროკომისარი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის გამიზნულ დახმარებაზე ისაუბრებს.
ევროდეპუტატები ასევე კენჭს უყრიან ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მიმართ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკას ეხება და 2020 წლის ივნისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის იყო შემუშავებული.