ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ყველანაირი წინაპირობა არსებობს”- პაატა დავითაია

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას განცხადებით, თუ საუბარია ხელისუფლების ცვლილებაზე, აუცილებელია ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება.

ამის შესახებ პაატა დავითაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითაია მაჟორიტარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამაზე ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე რაიმეს გადაჭრით თქმა შეუძლებელია.

“ეს ფორმატი რომელიც არის აქ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ ფორმატმა მოიტანა შედეგები და ვფიქრობ, ეს ფორმატი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება მაჟორიტარების თემას, ძნელია ამაზე ლაპარაკი, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, ეს არის კონსულტაციების რეჟიმი. მთავარია პრინციპი და არა ვინმეს შიდა კულუარული მოლაპარაკებები. ცალსახად მიმაჩნია, რომ თუ საუბარია ხელისუფლების ცვლილებაზე, აუცილებელია ყველას გაერთიანება“, – განაცხადა დავითაიამ.

გარდა ამისა, დავითაია მოლაპარაკების მაგიდასთან მჯომი პარტიების გაერთიანებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

„შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს, თავისუფლად შეიძლება ამის განხორციელება, ოღონდ ეს დამოკიდებულია პარტიის ლიდერებზე და სურვილზე, სურთ თუ არა ხელისუფლების შეცვლა. თუ მოხდა დაქსაქსვა ყველასი და საუბარი, რომ მერე მოხდება გაერთიანება, ამის არ მჯერა“, – განაცხადა „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარს ამბობდა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრები განაახლეს. პარტიის წევრები დღეს “ლეიბორისტული პარტიის”‘ ოფისში მეორედ შეიკრიბნენ.

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობებს სრულად არ შეასრულებს.

 

იტვირთბა....