დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ისტორიული გადაწყვეტილებიდან იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იყოს მიჩნეული – ამის შესახებ, ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებს.
“წელს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOBIT) COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე აღინიშნება. ვირუსის საფრთხისგან და მის შესაკავებლად გატარებული ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფებისთვის, მათ შორის ლგბტქი+ თემისთვის. ლგბტქი+ თემი მუდმივად განიცდის დისკრიმინაციასა და სტიგმას ჯანდაცვისა და სხვა სახის სერვისების მიღების დროს, რამაც პანდემიის პირობებში შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოიღოს. სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის შედეგად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საფრთხე ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების მიმართ. ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში, საარსებო წყარო დაკარგა და სოციალური უსაფრთხოების ქსელის მიღმა აღმოჩნდა”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:
გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში; ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი.