საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი უცნობია, ხოლო არაა გამორიცხული, მისაღები გამოცდები აგვისტოს თვეში დაიგეგმოს.
ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩხენკელის თქმით, ივნისში გაცილებით უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება, და ზუსტად მოხერხდება გამოცდების კონკრეტული თარიღის დასახელებაც.
“როგორც ეს იყო წინა წლებში, ეროვნული გამოცდების ზუსტი თარიღი გამოცხადდება ივნისში და წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ივნისში გაცილებით უკეთესი სურათი გვექნება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს.
ერთადერთი ცვლილება, რაც შეიძლება, მოხდეს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის თარიღებში ცვლილება, რომ თარიღებმა შესაძლოა, გადაიწიოს აგვისტოსკენ. მაგრამ ერთადერთი მიზეზი იქნება ამისი ეპიდსიტუაცია. შესაბამისად, როდესაც ივნისში ჩვენ გვექნება გაცილებით მკაფიო სურათი, სამედიცინო პროტკოლებიც იქნება უფრო დაზუსტებული და ეპიდსიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებული, რომელიც ასახავს კონკრეტულად იმ დროს მოქმედ ვითარებას,”-“- აცხადებს მინისტრი.
რაც შეეხება გამოპცების ფორმატს, მინისტრის თქმით, ეს რჩება უცვლელი, ისევე, როგორც იყო.
“შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობით, აქცენტს ვიღებთ ივნისზე, როგორც იყო წინა წლებში. როგორც იყო წინა წლებში, კონკერტიკას თარიღებთან დაკავშირებით და კონკრეტულ ინსტრუქციებს ჩვენ დეტალურად გაცნობებთ ივნისში, ისევე როგორც ხდებოდა წინა წლებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.