ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, გლობალური პანდემიის გამო, საქართველოში ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნეს, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობა.
“მე ვხედავ უპრეცედენტო გამოწვევას COVID-19-ის კრიზისის მენეჯმენტის მიმართულებით, რასაც ექნება უდიდესი გავლენა საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზე თავისი უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგებით. ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნესს, ასე რომ საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ყველა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობა, რათა მას გაუმკლავდნენ<- აცხადებს კუბილიუსი.
მისი თქმით, ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება გააგრძელოს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების დახმარება.
” ჩვენ უნდა მოვძებნოთ უფრო გრძელვადიანი დახმარების საშუალება საქართველოს ეკონომიკის ამუშავებისა და რეფორმებისთვის, ასევე უნდა დავსახოთ დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის. ევროკავშირი ახლაც ბევრს აკეთებს და მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის დახმარებისთვის,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, ევროკავშირმა COVID-19 -ის პანდემიისა და მის მიერ გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად სწრაფად მიიღო მთელი რიგი ზომები.
“ჯამში, ევროკავშირი თავისი მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდ ევროს გამოყოფს, საიდანაც 962 მილიონი ევრო მიმართული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისკენ, მათ შორის საქართველოსკენ,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.
აღნიშნულ წერილს მმართველ გუნდში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიის მაგალითია, საქართველოს მართლმსაჯულებაში ჩარევას სთხოვს,. რაც მიუღებელია.