პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა იყოს, რომელიც ტურისტებს მიიღებს და ამისთვის შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სდხომაზე განაცხადა.
“საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ტურიზმის ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. ამისთვის ძალზე აქტიურად მუშაობს ტურიზმის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო,”- აცხადებს გახარია.
პრემიერიც ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები წარმატებით ხორციელდება, ხოლო პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება.
“შეგვიძლია, დღეს ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც სულ მალე, ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ საქართველოში სულ მალე მივიღოთ სტუმრები, ტურისტები ამ ქვეყნიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, გახარიას თქმით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან.
შეგახსენებთ, რომ ახალი გეგმის მიხედვით, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს, საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნის გაიხსნება, ხოლო ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს.