„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლებას, პოლიტპატიმრები გაანთავისუფლონ, რაც მსგავსი რამ წარსულში არ ყოფილა.
ამის შესახებ დავით ბაქარაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაქრაძე აღნიშნავს, რომ საკუთარი ტყუილით და მანიპულირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ჭაობში შეიყვანა .
მიისვე თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესრულება იქნება ის ნაბიჯი, რომელიც გახსნის სივრცეს ნორმალური პოლიტიკური კლიმატისა და ურთიერთობისთვის ამ ქვეყანაში.
“ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ეს შესრულება მოიცავს ორივე ნაწილს. რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ შეთანხმება არ შესრულდეს და ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ეს იქნება ის გზა, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ჩვენ ვხედავთ რომ 8 მარტის შეთანხმებით მანიპულირების შედეგად, ხელისუფლება მივიდა იმ ვითარებამდე, როცა ევროპარლამენტის, ამერიკის კონგრესის წევრები პირდაპირ და ღიად იყენებენ ტერმინს პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირ ითხოვენ მათ გამოშვებას. ასეთი რამ წარსულში არ ყოფილა არასდროს. საკუთარი ტყუილით და მანიპულირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი შეიყვანა ჭაობში და ყველა ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება მასში. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ დასავლელი პარტნიორები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, რომელიც პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც გულისხმობს, მმართველი გუნდიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.