საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტში კონკრეტული სახელი და გვარები ნახსენები არ არის.
ამის შესახებ ჰუბერტ კნირშმა “ღამის კურიერთან” განაცხადა.
ელჩის თქმით, ეს ტექსტები გამოქვეყნდა და ყველას შეუძლია მათი ნახვა.
“ცხადია, რომ ამ შეთანხმებებში არ არის ნახსენები სახელი და გვარები, მაგრამ უშუალოდ შეთანხმების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებზე მათ დაასახელეს კონკრეტული სახელები და გვარები. შეთანხმება სწორედ ის გახლავთ, რაც გამოქვეყნდა. დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოლაპარაკებებში კარგია, თუ ბოლოს მოხდება წერილობით ტექსტზე შეთანხმება და ეს იქნა მიღწეული. ეს ტექსტები გამოქვეყნდა და ყველას შეუძლია მათი ნახვა,”- განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, მმართველი გუნდიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.
8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების პორობების შესრულებას ელოდება.