“დღეს ისინი კვლავ ცდილობენ, რომ 8 მარტის შეთანხმებაში თითქოს ყველაფერი სხვაგვარადაა და ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მე ძალიან კარგად მახსოვს ამ ადამიანების შეშინებული და დამფრთხალი სახეები მოლაპარაკებებზე. დამერწუნეთ გაცილებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებით თუ გააგრძელებთ ამ მავნებლობას. შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი პატიმრების გათავისუფლება და მეორე საარჩევნო სისტემის ცვლილება, ეს შეთანხმება შედგენილია დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, მათი თანდასწრებით და მათი მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე მოგიწევთ ამ ყველაფრის შესრულება. არ გეგონოთ, რომ კორონავირუსის გამო ვინმე რაიმეს გაპატიებთ. არ გეგონოთ, რომ იმ საზედამხედველო ფუნქციით, რომელიც დღეს მოირგეთ, თქვენ შეძლებთ პროცესების თავიდან ბოლომდე მართვას. ასე ყეყეჩობდით ნოემბერში და დეკემბერში, როცა ამბობდით, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა, მაგრამ გაიძულეთ და მოგიწიათ კონკრეტულ ნაბიჯებზე წასვლა.”
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს“ ლიდერი
გიორგი ვაშაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნულით პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.
ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.