თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორტონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება და ისინი კლინიკებში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი იმყოფება.
„სამივე ახალი დადასტურებული არის თეთრიწყარო და არის საკარანტინო სივრციდან. ჩვენთან მოთავსდა გუშინ დილას ორი პაციენტი. ესენი ალბათ არა ამ სამიდან, წინა ცხრიდან არიან. ორი პაციენტი დაგვემატა. ორივე თეთრიწყაროდან არის, ორივე საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი კლინიკა 87-მა განკურნებულმა დატოვა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხოლო ვირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.