თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას და განაცხადა, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მისი რეინკარნაცია მოხდეს.
მისი თქმით, უკრაინიდან გამოძევებული სააკაშვილი ერთხელ უკვე ნახეს და ეს მეორედაც მალე მოხდება.
„ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო მოქალაქეობა, რომელიც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო არამარტო ევროპის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ადამიანმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ შემდეგ როგორ სამარცხვინოდ გააძევეს ის უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან. მე ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.