ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვირუსზე საგარეჯოს კლინიკის ექთნის განმეორებით პასუხს ელოდებიან – სოლოღაშვილის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ პირველადი კვლევა არასწორია

საგარეჯოს “ნიუ ჰოსპიტალსის” სამედიცინო პერსონალის თანბამშრომელს, რომელსაც კორონავირუსზე პირველ ტესტირებაზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, “პისიარ” ტესტს დღეს ჩაუტარებენ.

ამის შესახებ  ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მედპერსონალი მათი ცენტრის თანამშრომელიცაა. 

მისი თქმით, არსებობს, ეჭვი, რომ პირველადი კვლევის შედეგები არასწორია, PCR ტესტების სანდოობის ხარისხი 85%-ია და შეცდომის ალბათობაც არსებობს.

“მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს და ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, იმყოფება იზოლირებულად ბოქსირებულ სექტორში. გვქონდა ერთი პრეცედენტი ცოტა ხნის წინაც და გვაქვს ახლაც, როდესაც მედიკოსების შეხედულებისამებრ ხდება კვლევის გადამოწმება. ეს მედიკოსი დადასტურებულ 66 პაციენტში ამჯერად არ მოიაზრება. დღეს მოხდება გადამოწმება ოქროს სტანდარტით. ამის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას,”- აცხადებს სოლოღაშვილი.

მისივე თქმით, ექთნის კონტაქტების შესწავლა უკვე მიმდინარეობს, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაში დრო არ დაკარგულიყო.

“ყოველი შემთხვევისთვის, კონტაქტები შესწავლილია, რომ დადასტურების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. კონტაქტები კარანტინში გადაჰყავთ,”-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში  კორონავირუსის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საეწრთო რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....