თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი შემთხვევიდან 10 ე.წ. ბოლნისს კლასტერს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს.
ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები არ ჰყავს.
“11 პაციენტიდან 10 არის ბოლნისის წყაროდან, ერთის წყაროს მოძიება ახლა გრძელდება. გამოჯანმრთელებული გვყავდა 223 პაციენტი, დაემატა – 17 და გვყავს 240 პაციენტი გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების შეჯამებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს, კოვიდ-ცენტრებში 355 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4887 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500.