“ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც არის ცარიელი და ადევს დიდი ბოქლომი. დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი უნდა მუშაობდეს განსაკუთრებული დატვირთვით, როცა პარლამენტში უნდა იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი ჩვენი მოქალაქისათვის მხარდაჭერის გეგმა, პარლამენტი არის ფაქტობრივად ნებაყოფლობით შვებულებაში გასული. დღეს არის განსაკუთრებული ვალი პარლამენტისა, რომ განახორციელოს თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს გეგმაც კი არ აქვს წარმოდგენილი რეალური თუ როდის დაიწყებს სოციალური დახმარებების გაცემას. დისტანციის დაცვით პარლამენტი უნდა შეუდგეს საკუთარი უფლებამოსილების აღსრულებას, ხოლო მთავრობამ კეთილი ინებოს და დროზე წარმოადგინოს პარლამენტში საგანგაბო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, დაუყოვნებლივ დაიწყონ კომიტეტებმა მუშაობა, პლენარულმა სხდომამ.