საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა.
ამის შესახებ ტიკარაძემ მტავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ექიმები სხვა პაციენტებთან მიმართებით მეტი ყურადღებით იქნებიან.
„დღესდღეობით ლეტალობის რიცხვი არის 9. გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის და ჩვენი ექიმები გაცილებით მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. პირველი სუანივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილს მძიმე ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა.