ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ, საზოგადოების ყველა კითხვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, გავცეთ პასუხი,”- გახარია მინისტრებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მინისტრებს მოუწოდებს, ყველა კითხვას, რაც დაწესებულ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდება, მათი მხრიდან დროული პასუხები გაეცეს.

ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს უკვე ის შესაძლებლობა, აღარ ვართ უკვე ფორსმაჟორში, ვმართავთ როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ახლა ვიწყებთ უკვე ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას.

თითოეულ თქვენგანს მინდა, მოვუწოდო, რომ საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიძლება იყოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვა ნებართვა, სხვადასხვა შეკითხვები შეიძლება იყოს – რატომ ჩაიკეტა ეს ქალაქი და არ ჩაიკეტა სხვა ქალაქი, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი შეხედვით და პირველი შეხედვით საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, აბსოლუტურად ღიად და ტრანსპარენტულად, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, გავცეთ პასუხი,”- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს. ხვალიდან მუშაობას განაახლებენ ავტოსარემონტო კომპანიებიც.

ამასთან, ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

იტვირთბა....