ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გახარია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე.
თუმცა პრემიერის თქმით, ამ ორ ქალაქთან დაკავშირებით კვირის ბოლოს იმსჯელებენ და იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.
“თბილისსა და რუსთავშიც უახლოეს დღეებში იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. იმედი ვიქონიოთ, რომ საკითხი კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, მთავრობის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, 4 დიდი ქალაქი – თბილიის, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ჩაიკეტა. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რეგისტრირებულ მისამართზე ბრუნდება.