ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს.

ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გახარიუას თქმით, ამ კომპანიების შემოწმებები ყოველდღიურად განხორციელდება, რათა ყველა რეკომენდაცია იყოს დაცული.

“გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ 5 მაისიდან, ანუ ხვალიდან მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას 5 მაისიდან. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე ჩამოყალიბებული სპეციალური გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას და მინდა თითოეული კომპანიის ხელმძღვანელობას მოვუწოდო, პასუხისმგებლობით მოეპყრან თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ,”- აცხადებს გახარია.

ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, ხვალიდან ნებადართულია ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

“გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

იტვირთბა....