„რისთვის უნდა შემიჩერონ უფლებამოსილება, მე რა დავაშავე, რას ვმფარველობ, არავითარ შემთვევაში არანაირი მფარველობა არ მაქვს არავისთან. ნასვამობამ არც ერის კაცი იცის და არც სასულიერო პირი. როცა სვამს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია, თუ ერის კაცია. იშვიათად სვამდა. არც უჩხუბიათ, სიმართლეს გეტყვით, პირიქით, იმ დღეს მამა საბა იყო ჩამოსული შერიგებისთვის, რაღაცა პატარა კონფლიქტი ჰქონდათ და ჩემი თანდასწრებით შერიგდნენ. კონფლიქტი ჰქონდათ ნასვამობასთან დაკავშირებით. თქვენ თუ დაინტერესდებით, გააკეთეთ ჟურნალისტური გამოძიება და ყველაფერს სულ სხვანაირად დაინახავთ. ჰაერში იქნა გასროლილი შეშინების მიზნით“
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი
მეუფე იობმა მედიასთან ყინწვისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. მღვდელმსახურ დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.