“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევა მას”, – ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
პატრიარქმა მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს არის ნელსაცხებელი დედების ხსენება. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, რა გააკეთეს მენელთსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს.
იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი, მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს სიმძიმე ეკლესიისა, ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვმადლობთ და თაყვანსა ვცემთ მათ ღვაწლსა.
შემთხვევით არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს მისი, თამარ მეფის ღვაწლი მენელსაცხებელ დედებს. მარიამ მაგდალინელი და სხვები გალობენ და ზეიმობენ აღდგომა მაცხოვარს. მათი ლოცვა კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“,- აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებისას.