დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ გერმანიისგან სამედიცინო ტვირთი მიიღო.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, მოლეკულური ტესტების გარდა, ლაბორატორიას გადაეცა სეროლოგიური ტესტებიც, რომელიც ამ დრომდე საქართველოში არ ყოფილა.
„ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის დახმარება. შემთხვევით ვსარგებლობ და გერმანიის მთავრობას, გერმანიის საელჩოს, პირადად ელჩს, სამხედრო ატაშეს მინდა დიდი მალდობა გადავუხადო, იცით, რომ 2013 წლიდან ძალიან ნაყოფიერი თანამშროლობა გვაქვს ბუნდესვერის მიკრობიოლოგის ინსტიტუტთან, რომელიც მიუნჰენშია განთავსებული, ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უზარამაზარი ინსტიტუტია. მათთან ერთად რამდენიმე დიდ პროექტს ვახორციელებთ, კორონავირუსული პანდემიის დასაწყისში, უკვე თებერვლის პირველივე რიცხვებში, როცა ჯერ კიდევ მზა ე.წ. PCR ტესტები არ არსებობდა, მათ პრაიმერები მოგვაწოდეს, რომლითაც სხვადასხვა ნაკრებების შედგენა ხდება ადგილზე და ჩვენთან თებერვლის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო კორონავირუსულ ინფექციაზე ადამიანების ტესტირება. ამის შემდეგ სამჯერ განხორციელდა გერმანიის დახმარება და დღევანდელი დახმარება სწორედ ისევ პრაიმერებია და ასევე, ახალი ტესტსისტემები, ე.წ. სეროლოგიური, მარტივად რომ აგიხსნათ, ეს გახლავთ სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც ლაბორატორიულ პირობებში იქმნება და არა ვთქვათ, საველე პირობებში. ამ ტესტსისტემებს შესაბამისი დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ. საერთოდ, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობა ათეულ წლებს და უფრო მეტ, ასეულ წლებსაც ითვლის. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ცენტრი 2013 წლიდან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მიკრობილოგიის ინსტიტუტთან, ასევე გუშინწინ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ტელეკომფერენცია მის დირექტორთან, მთელი რიგი საკითხები გავიარეთ – გერმანიაში გამოცდილება კოვიდინფექციასთან ბრძოლის, მთელი რიგი დეტალები დავაზუსტეთ, ასევე გავუზიარეთ, ჩვენ როგორ და რას ვაკეთებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.