“გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის..” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო კორონავირუსს შედარებით მომზადებული დახვდა.
„ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, სანამ შიდა გავრცელება არ დაგვიფიქსირდა – 22-23 მარტს. ეს არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი.
აქ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები. კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა. ამოვიღეთ ინფორმაცია 2009-2010 წლების, რომელიც პანდემიური გრიპის დროს იყო შემუშავებული. ღორის გრიპის დროს. გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.