მას შემდე, რაც ავლაბრის სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეში მყოფ 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამავე სასტუმროში უკვე ორი კვირის განმავლობაში მყოფ პირებს საკარანტინო ვადა გაუგრძელეს. ინფიცირებული და ასევე, კარანტინში მყოფი სხვა პირებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომუშავე სამედიცინო პერსონალია, კარანტინის ვადის გაგრძელებაც სწორედ ამას უკავშირდება.
“მეტრონომთან” საუბრისას კარანტინში მყოფი ექიმი ირმა მელქაძე შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინფიცირებულებთან შეხება არ ჰქონია, ყველა მათგანი იზოლირებულად იმყოფებოდა, შესაბამისად მისთვის გაუგებარია, რატომ გაუხანგძლივეს საკარანტინო ვადა.
როგორც ირკვევა, 27 აპრილს, მედპერსონალს ვირუსზე ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდა, დადებითი პასუხი კი 5 მათგანს აღმოაჩნდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ ექიმებს ინფიცირებულებთან კონტაქტი არ ჰქონიათ და მეტიც, დაავადებულები საკარანტინო სივრცეში სხვა დროს შეიყვანეს, მათ 14-დღიანი კარანტინის ვადა კიდევ გაუხანგრძლივეს.
მედპერსონალმა ამ ფაქტთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ არ არსებობს საფუძველი, რატომ უნდა ამყოფონ კარანტინში დამატებითი დღეები, რომლებსაც არანაირი სიმპტომები ამ ორ კვირაში არც ჰქონიათ, არც აქვთ და ლუგარიდანაც უარყოფითი პასუხები მიიღეს.
ამ სასტუმროს შიგნით მყოფ ექიმებს ერთმანეთთან შეხება რომ არ ჰქონიათ, ეს შიდა კამერებზეცააა აღბეჭდილი. აღნიშნული ფაქტი სასტუმროს ზედამხეველმა ექიმმა “რუსთავი2”-თან უკვე დაადასტურა.
ექიმები ვარაუდობენ, რომ დამატებით კარანტინში მათი დატოვების გადაწყვეტილება რაიონის ეპიდემიოლოგმა მიიღო, ანუ პირმა, ვისაც თბილისიდან ქვემო ქართლის კურირება ეხება..
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “მეტრონომთან” ირმა მელქაძე ავრცელებს.
“ჩვენ ვვაარაუდობთ, რომ ვინც დარეკა და ჩვენი აქ ყოფნის გახანგრძლივებაზე ბრძანება გასცა, ეს იქნებოდა რაიონის ეპიდემიოლოგი. ანუ, თბილისიდან ის ეპიდემიოლოგია, რომელიც ქვემო ქართლს კურირებს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მასვე უთქვამს, თუ 5 მაისს ჩატარებული ტესტირებისას კიდევ ვინმე აღმოაჩნდება ვირუსი, კარანტიკი კიდევ გაგრძელდებაო. რა დააშავეს ჯანმრთელმა ექიმებმა, თუ სხვა იყო დაინფიცირებული?! რადგან ყველანი ბოლნისში ვმუშაობთ და მაღალი რისკია იქ, ეს გახდა მიზეზი, რომ ასე გააკეთეს?! ზოგს უკვე 3-ჯერ ჩაუტარდა ანალიზი, პასუხი უარყოფითია, მაგრამ მაინც არ გაუშვეს,”‘ – აცხადებს მელქაძე.
ექიმის საუბრიდან ცნობილი ხდება, რომ ინფიცირებული მედპერსონალიდან სამი არის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ორი კი კატასტროფის ბრიგადის თანამშრომელი. ვინაიდან მელქაძე სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმია, ბოლოს, 13 აპრილს ჰქონდა კონტაქტი მის კოლეგებთან, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ. თუმცა, მას შემდეგ საინკუბაციო პერიოდის გავიდა და მისმა ანალიზებმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებულია მათი მენეჯერიც და ვინაიდან, მას შეხება აქვს ყველა თანამშრომელთან, ექიმების მთლიანი ჯგუფის კარანტინში გადაყვანის მიზეზი ეს გახდა. თუმცა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მას ინფიცირებულ კოლეგებთან ახლო კავშირი არ ჰქონია.
ექიმები ცდილობენ, კითხვებზე პასუხები მიიღონ და ვინმემ აუხსნას, რა მიზეზით გაუხანგრძლივეს კარანტინის ვადა. როგორც ჩანს, ეს თება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვისაც გახდა ცნობილი, რასაც, როგორც ექიმები ამბობენ, რეაგირება მოჰყვა.
კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალს ინტენსიური გამოკვლევები ჩაუტარდება.
“პირველ ეტაპზე ესენი იქნებიან იმ კლინიკების, სადაც კოვიდიანების მკურნალობა მიდის და ცხელების კლინიკის პერსონალი: ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ადმინისტრაციული პერსონალი. ამის შემდეგ ტესტირებას ჩვენ ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს მე-13 და მე-14 დღეს მათი იქ ყოფნის, ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში. ყველა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ექთანი, მძღოლი და ა.შ. ასევე ექვემდებარება ყოველ 14 დღეში ერთხელ გამოკვლევას. ყველა ჩვენი ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკი, ვინც დადის და სინჯებს იღებს, ასევე აუცილებელია მათი ყოველ 14 დღეში გატესტვა და ასე თანდათან ვაფართოებთ.”
აღნიშნული გადაწყვეტილებით, მედპერსონალი, რომელიც ყოველ მე-14 დღეს დაიტესტება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათი კარანტინში გადაყვანა აუცილებელი აღარ იქნება, ეს კი მუშაობის პროცესს ბევრად გაადვილებს.
რაც შეეხება ამჯამად საკარანტინო სივრცეში მყოფ ექიმებს, რომლებსაც 14-დღიანი ვადა გუშინ გაუვიდათ, ისინი სასტუმროს ორ მაისს დატოვებენ.
თათა შაიშმელაშვილი

