უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.
ამის შესახებ უკრაინული პორტალის ცენზორ.ნეტის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც აღნიშნულ პოსტში წერია, მიხეილ სააკაშვილმა რადაში საკმარისი ხმების მოგროვება ვერ შეძლო, ამიტომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მას საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს.
„სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა. მისი დანიშვნა დაბლოკილია და გაურკვეველია საერთოდ შედგება თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ შეძლო დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმის მოგროვება 248 დეპუტატს შორის. საკმარისი ხმები არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს. იმისთვის, რომ სააკაშვილს შეეგროვებინა 226 ხმა, „მსახურების“ 190-200-ი წარმომადგენლის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა“, – წერს უკრაინული პორტალის ცენზორ.ნეტის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი „ფეისბუქზე.”
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა.
პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნება, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგიბრულ და პოლიტიკურ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.
იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა არ გამორიცხა.
საქართველოს მთავრობაში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, ვინ რომელ პოსტზე დანიშნოს.