ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინა თავად წყვეტს ვინ რომელ თანამდებობაზე დანიშნოს” – უკრაინის პირველი პრეზიდენტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის თემას უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადება ელჩის შესაძლო გამოწვევასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს, რადიკალური და ექსტრემალურია. კრავჩუკმა ინტერვიუ ადგილობრივ  მედია-კომპანია 112-ს მისცა.

“გახარიას განცხადება საკმაოდ ექსტრემალურია. სხვათაშორის, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის არ არის საქართველოს მოქალაქე. ამიტომ უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მის რომელიმე პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით” – აცხადებს უკრაინის პირველი პრეზიდენტი.

კრავჩუკი ამბობს, რომ აუცილებელია შემუშავდეს შესაბამისი, “საჭირო განცხადება”, სადაც არგუმენტირებულად ახსნილი იქნება, რატომ მოქმედებს უკრაინა ისე, როგორც უნდა იმოქმედოს ნებისმიერმა ქვეყანამ სუვერენული წესების ფარგლებში.

“უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, ვინ რომელ პოსტზე დანიშნოს, როგორი მთავრობა ჩამოაყალიბოს, ანუ იმოქმედოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში” – განაცხადა კრავჩუკმა.

შეგახსენებთ, ზელენსკის გუნდში გამოითქვა აზრი და გამოჩნდნენ მხარდამჭერები, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დაინიშნოს.

 

 

 

იტვირთბა....