საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დროული ღონისძიებების გატარების შედეგად, ვირუსის გავრცელება კონტროლირებადია, შესაბამისად, ქვეყანაში პიკი არ ყოფილა.
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
თუმცა, როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, კონტროლირებადი ვითარება არ ნიშნავს იმას, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება.
“საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია. ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ შეიძლება არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით, შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში და ის მობილიზაცია, რომელიც ჩვენ საკარანტინო ზონებში გვაქვს განხორციელებული, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, აქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. მათგან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.