ახალი ამბები

“ჩნდება სიცოცხლისთვის საშიში წითელა და პოლიომიელიტი. ტრაგიკული რეალობაა, რომ ამის შედეგად ბავშვები დაიღუპებიან” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქვეყნები, რომ კორონავირუსის პანდემია დიდხანს არ დასრულდება.

როგორც გებრეიესუსი აცხადებს, თუკი საზოგადოება არ იქნება ერთიანი, ვირუსი ნაპრალებიდან გაჟონავს და ქაოსს შექმნის.

„პანდემია დასრულებისგან შორს არის, ჩვენ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა და ბევრი საქმე გვაქვს. მე კვლავ მოვუწოდებ მსოფლიოს სოლიდარობისკენ და ეროვნული ერთობისკენ, რათა დავუპირისპირდეთ ამ პანდემიას, მაგრამ ასევე აღვკვეთოთ სხვა პანდემიებიც და ავაშენოთ უფორ ჯანსაღი, უსაფრთხო სამყარო ყველასთვის და ყველგან. ეროვნული ერთობა გლობალური თანადგომის საძირკველია. თანადგომა, თანადგომა, თანადგომა – აი ამას გავიმეორებთ ყოველდღე. თუკი ჩვენ არ ვიქნებით ერთიანნი, ვირუსი ჩვენს შორის ნაპრალებიდან გაჟონავს და ქაოსს შექმნის. ადამიანები დაიღუპებიან. ჩვენ ამ ვირუსს დავამარცხებთ მხოლოდ ერთიანობით ეროვნულ დონეზე და სოლიდარობით გლობალურ დონეზე” – განაცხადა გებრეიესუსმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, მსოფლიოში ვაქცინაციის 14 კამპანია გადაიდო, რომელსაც 13 მილიონზე მეტი ადამიანი უნდა მოეცვა. გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია, რომელიც ვერ ჩატარდა, მიმართული იყო პოლიომიელიტის, წითელას, ქოლერას, პაპილომავირუსის, ყვითელი ცხელებისა და მენინგიტის წინააღმდეგ.

„როდესაც ვაქცინაციის პროცესი ვერ ხორციელდება, მეტი ეპიდემია ჩნდება, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში წითელა და პოლიომიელიტი. ტრაგიკული რეალობაა, რომ ამის შედეგად ბავშვები დაიღუპებიან“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.

 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....