ჭირდება თუ არა საქართველოს სააკაშვილის ვიცე-პრემიერობა უკრაინაში?
ჯერჯერობით ზუსტად ვერავინ იტყვის, როგორ გაგრძელდება საქარველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში. ერთი ფაქტია, უკვე დაიწყო საუბრები პოლიტოლოგებში, რომ სააკაშვილის 50-მილიონიანი ქვეყნის ვიცე-პრემიერობა საქართველოსთვისაც პოზიტივი იქნება. ასევე გაჟღერდა იდეა, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების დეზავუირებაზე ნებისმიერი ფორმით, ან აღსრულების გადადებაზე, ან რაიმე გონივრული კომპრომისის მოძებნაზე.
“საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ჩვენს მთავრობას, ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ გახარიას, უკრაინის ხელისუფლებასთან სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრობის გაგრძელება იმ პირობებში, როცა ამ ქვეყნის მთავრობის ვიცე-პრემიერი საქართველოში მსჯავრდებული სააკაშვილი იქნება”? – პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ინიციატივით სოციალურ ქსელში გამოდის.
ბერიძის თქმით, უკრაინაც და საქართველოც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორივე ქვეყნის პოლიტიკაზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გავლენა არსებითი და სერიოზულია.
“საინტერესოა, მიდის თუ არა კონსულტაციები ამ ფაქტით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენთთან, თბილისში აშშ-ის საელჩოსთან. მართალია, დიდ ხანს არ გვყავდა ჩვენ აშშ-ის ელჩი საქართველოში, მაგრამ უკვე ჩამოვიდა ახალი ელჩი, სერიოზული და გამოცდილი დიპლომატი, ქალბატონი დეგნანი და ეს პოზიტიურად აისახა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საინტერესოა ისიც, თუ როგორია ამერიკელი დიპლომატების დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი. ხაზს ვუსვამ, ფაქტის იგნორირება არც ჩვენს მთავრობას გამოუვა და არც არავის” – აცხადებს პოლიტოლოგი.
ბერიძე თვლის, რომ სააკაშილი ისევ არის ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მის სახელთან ასოცირებული პარტია საკმაოდ რეიტინგულია ქვეყანაში და მისი პრობლემა, ასე თუ ისე, უნდა გადაწყდეს.
“დროა დამთავრდეს ქართველი პოლიტიკოსების ქვეყნიდან ექსორიის პრაქტიკა. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავიანთი ქმედებებისათვის პასუხისგება და მათ ქმედებებზე დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი განაჩენები, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. თუ ასე არ ხდება, მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა. სხვა შემთხვევაში, სხვაგან აღიარებული და მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირები ყოველთვის შეუქმნიან საფრთხეს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, ეხება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას, რაც მე საბოლოოდ გადაწყვეტილი სულაც არ მგონია. ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირების დუმილი დაუშვებლად მიმაჩნია”. – ამბობს პოლიტოლოგი.
“ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ასეთი მომენტის გამოუყენებლობა არ შეიძლება. მისი თქმით, “ქართული პოლიტიკის წიაღში გაზრდილი პოლიტიკოსის წარმატება, რომელიც 50-მილიონიანი სახელმწიფოს ვიცე-პრემიერად ინიშნება, აუცილებლად აისახება დადებითად საქართველოზეც”.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის თემას უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად, როგორ და რა თანამდებობაზე დანიშნოს. კარვჩუკის ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ გახარიას კომენტარი, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში მაღალ პოსტზე დანიშვნას, შესაძლოა უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა მოჰყვეს. ამის შემდეგ იყო გამოხმაურებები “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიდანაც. მაგალითად, გოგა ხაინდრავამ პირდაპირ მიმართა უკრაინის პრეზიდენტს და საერთაშორისო სასამართლოს არსებობა შეახსენა.
ასე თუ ისე, სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის უკრაინაში გაგრძელების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ზელენსკის გუნდის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მთავრობაში დაბრუნებას, რადგან ისინი თვლიან, რომ უკრაინას სერიოზული რეფორმები სჭირდება, რაშიც სააკაშვილს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
გენო ჯოხიძე