“ქართული პოლიტიკის წიაღში გაზრდილი პოლიტიკოსის წარმატება, რომელიც 50-მილიონიანი სახელმწიფოს ვიცეპრემიერად ინიშნება, აუცილებლად აისახება დადებითად საქართველოზეც, შეუძლებელია, ასე არ იყოს”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია აცხადებს.
„ყველანი, ადრე თუ გვიან, დავტოვებთ წუთისოფელს. მანამდე პოლიტიკის სფეროს ჩამოვშორდებით, უკან რომ მოვიხედავთ, უნდა დავინახოთ ხელშესახებად რაიმე წარმატება და განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ეს დეტალები, კინკლაობა, ქიშპობა არავის ემახსოვრება, დაამახსოვრდებათ მთავარი. ჩემი აზრით, იმის მაგივრად, რომ გულში მაინც უხაროდეთ თანამოქალაქის, ქართველის, ქართული პოლიტიკის წიაღში გაზრდილი პოლიტიკოსის წარმატება, რატომ უნდა ცდილობდე, ყველანაირად ხელი შეუშალო ამ პროცესს. ეს გაუგებარია. ამ ბოღმამ რაციონალურმა აზროვნებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლება დგამს ასეთ უგუნურ ნაბიჯებს, გავა წლები და არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც წერილით მიმართა უკრაინულ რადას, მოერიდება საკუთარი თავის.
„როდემდე იქნება პოლიტიკაში. სადღაც შევხვდებით და ვკითხავთ, როდესაც ბედი წყდებოდა უკრაინის სახელმწიფოსი, საქართველოს სახელმწიფომ ხელი რატომ შეუშალე, რატომ იკადრე ეს? მოერიდება. სხვა პოლიტიკურ შეფასებას, გარდა მორალური კატეგორიებით საუბრისა, ამ ადამიანებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი.
ადამიანი 50-მილიონიან სახელმწიფოში იქნება ვიცეპრემიერი და მას ექნება პროცესებში თხემით ტერფამდე ჩართულობის აუცილებლობა. ის ქართულ პოლიტიკაში ყოველდღიურად ჩართული ვერ იქნება, მაგრამ ბუნებრივია, მისი საქმიანობა, მისი იქ მოღვაწეობა პოლიტიკური პირდაპირ დაკავშირებული იქნება საქართველოს წარმატებასთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.