ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტესტირება, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალსა და პოლიციას უნდა ჩაუტარდეთ” – თეა თავართქილაძე

“ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, ტესტირება იმ ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ, ინფიცირებულებთან დიდი შეხება აქვთ, ეს არის სამედიცინო პერსონალი და პოლიცია.

„ჩვენ ვიყავით „ცხელების ცენტრი“, შემდეგ დავიწყეთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაც. ეს პროცესი ჩვენთან პირველი მარტიდან მიმდინარეობს. ამ დროიდან ვთანამშრომლობთ ლუგარის ლაბორატორიასთან და ასევე „ნეოლაბთან“. ჩვენ ყველანაირად ვენდობით მათ პასუხებს. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ისინი ჩვენთან არის ანტისხეულებზე, რუტინულად უტარდებოდა მედპერსონალს. მათ, რომლებიც მუშაობდნენ პაციენტებთან, ასევე იმ პაციენტებს, რომლებთანაც ვთვლიდით, რომ იყო საჭირო ამის გაკეთება.

ზოგადად, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიტესტება მით კარგია. პირველ რიგში, უნდა გაიტესტონ ის ადამიანები, რომლებიც დიდ შემხებლობაში არიან ინფიცირებულებთან, ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, პოლიცია და სხვა. ამ ეტაპზე გუშინდელი პასუხები გაგზავნილია „ნეოლაბში“ და ველოდებით 21 ტესტის პასუხს. რაც შეეხება თანამშრომლების ტესტირებას, წინა კვირიდან რუტინულად მიმდინარეობს „პისიარ“ ტესტირება თანამშრომლების და ყველა თანამშრომელს ორი კვირის ინტერვალით ჩაუტარდება ეს ტესტირება“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.

ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.

იტვირთბა....