„დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმ დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ მოვუწოდებით მათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას, საკუთარ სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით, ის, რაც ხდება ვთქვათ დასახლებებში, რომლებიც დავასახელე, ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში, თეთრწყაროში. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების და იქ მიმდინაროებს გაღრმავებული კვლევა, რა პირობებში მოხდა მათი დასნებოვნება, პროფესიულ, თუ ისევ საყოფაცხოვრებო პირობებში“
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
“პირველი არხი”
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.