გაერთიანებულ სამეფოში ჩინეთის ელჩის მოადგილის, ჩენ ვენის განცხადებით, ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების წინააღმდეგია. აღნიშნული განცხადება ელჩმა, „ბიბისთან” განაცხადა.
ჩენ ვენის თქმით, ასეთი გამოძიების ჩატარების ინიციატივა პოლიტიკურად მოტივირებული წინადადებაა, რომელიც მსოფლიოს ვირუსთან ბრძოლაში ხელს შეუშლის და ყურადღებას სხვა საკითხზე გადაატანინებს.
„ჩვენ ახლა ვებრძვით ვირუსს და ასეთი გამოძიების ჩატარება ამ ბრძოლას მოგვწყვეტს, მეტიც ჩვენ რესურსების სხვაგან მიმართვა მოგვიწევს“, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ სპეკულაციები „პოლიტიკურ“ მიზნებს ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მაც მოითხოვა.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.