ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობამ ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმის ნაცვლად, სოციალური დახმარების გეგმა წარმოადგინა” – კობერიძე

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, ჰქონა მოლოდინი, რომ მთავრობის გეგმა რეალობაში ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის ხედვა იქნებოდა.

„ეს არ არის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და ხედვა, ეს უფრო მეტად არის სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც ამოგლეჯილად გარკვეულ სეგმენტებზე, ზოგან კონკრეტულად, ზოგან კი, საერთოდ კონკრეტიკის გარეშე არის წარმოდგენილი. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ორი თვის განმავლობაში ვისმენდით იმ დაპირებას, რომ დიდი ხანია, მთავრობა მუშაობს ამ კრიზისული გეგმის შემუშავებაზე. სიმართლე გითხრათ, მოლოდინი მქონდა იმის, რომ ეს რეალობაში იქნებოდა მართლაც ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. სამწუხაროდ, ვხედავთ და სიტყვების შერჩევაშიც კი გამოიხატება, რომ მთავრობა პოლიტიკური თვალსაზრისით კომფორტულად გრძნობს თავს და კმაყოფილია შექმნილი სიტუაციით, კრიზისით როგორც ეკონომიკაში, ისე ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით, რადგან ფიქრობს, რომ დაზაფრული მოსახლეობის ნელ-ნელა, ასეთი ტემპით მიყვანა არჩევნებამდე, ოქტომბერში, თვლის, რომ მისთვის მომგებიანი იქნება. მე ვთვლი, რომ ხალხი ხედავს, რომ გარკვეული სოციალური დახმარების მიუხედავად, რაიმე სახის ხედვა არ არის, რითაც ქვეყანა კრიზისიდან გამოვა. თუ ასე გააგრძელებენ, ეპიდემიის კეთილად დასრულების შემთხვევაშიც კი, მოუწევთ პოლიტიკური არენიდან დიდი ხნით პოლიტიკურ არდადაგებზე წასვლა“, – განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.

24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 444 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....