ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 200 ლარიანი დახმარების პაკეტი არაა საკმარისი თანხა, მაგრამ მიზანი არაა ის, რომ მათ დაკარგული სემოსავალი სრულად აუნაზღაურდეთ.
ამის შესახებ ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის შეფასებით, ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს.
“ახლა კი 200 ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში, არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, ეს არ არის მაღალი თანხა და არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა, ვთქვათ, 1500- ლარიანი, 2000-ლარიანი იყო ხელფასი და დაიკარგა, სრულად ანაზღაურდეს. მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს, ზუსტად იმიტომ რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს,”- აცხადებს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით.