პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მათ ცენტრში მკურნალობს, ხოლო მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებტან განაცხადა.
რატიანის თქმით, ამ დროისთვის მათთან რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი რჩება, აქედან ორის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
“რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 8 პაციენტი, ახალი არ დამატებია. 3 იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, დღეს 2 რჩება კრიტიკული. ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. კონტროლდება ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება ორ ახალ შემთხვევას, ჩატარებული კომპიუტერული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, ამ ეტაპამდე მათთან არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება. აგრძელებენ დაკვირვებას და სიმპტომურ მკურნალობას“,- განაცხადა რატიანმა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 431-მდე გაიზარდა. 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.