ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო თემატიკაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ყველა პუნქტი ასახულია შავით-თეთრზე და ჩანაწერები ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.
„თითოეულ პუნქტს პირნათლად ვასრულებთ, მათ შორის, შეთანხმებას საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. ოპოზიციას მოვუწოდებ, შეთანხმების თითოეული პუნქტი შეასრულოს“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.
დეპუტატი, საპარლამენტო არჩევნების თარიღის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თავად არის დაინტერესებული, საარჩევნო თარიღის გადაწევა მოხდეს.
„ჩვენი ინტერესია, რომ არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას და დემოკრატიის განმტკიცებას. საქართველო ღირსეულად გამოვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლიდან და ამის შემდეგ არჩევნები ჩატარდება“, – დასძენს იონათამიშვილი.