ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სამართალდამცავებმა “გირჩის” ლიდერი და 14 აქტივისტი დააჯარიმეს, 3 კი დააკავეს”- შსს

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის“ მიერ  საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით,  იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია ნებისმიერი მანიფესტაცია, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, განცხადებაში წერია, რომ 3 პირი  დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.

საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით,”- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, პარტია “გირჩის” წევრებმა იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. აქტიციტებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება და მკაცრი შეზღუდვები გააპროტესტეს.

იტვირთბა....