ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქისა და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებსაც ჩაუტარდებათ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომელთა კორონავირუსზე ტესტირებაც სავალდებულოა, სააფთიაქო ქსელებისა და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებიც დაემატებიან.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული, თუმცა იმის მიხედვით, როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება, რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებშიც გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერჯერობით ვადას ვერ დაგისახელებთ,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, 9 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის კორონავირუსის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა, სადაც განსახღვრულია ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც მაღალ რისკჯგუფებს წარმოადგენენ. ეს ჯგუფები : პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 420 ინფიცირებულია, მათგან 107 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

იტვირთბა....