ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით. მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს უცხოეთში..” – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კოვიდ19-ის მკურნალობის პროცესში, მედიკამენტ პლანქველინის გამოყენებას აპროტესტებენ, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, მედიკამენტი მასაც არაერთხელ გამოუყენებია ინდივიდუალურ პრაქტიკაში.

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის ჩვენი მოგონილი. ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიოს ხუთი დიდი ინსტიტუციის რჩევებსა და რეკომენდაციებს. მათ შორის ჯანმოს, ამერიკის, ევროპისა და ჩინეთის დაავადებათა ცენტრების გაიდლაინებს. ხვალ გვაქვს გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტთან დისკუსია. ასე რომ ჩვენ ძალიან ბევრ რეკომენდაციას ვიღებთ და ვართ გამჭვირვალეები. ამიტომ, ვთხოვ ყველას, ვისაც გაქვთ წინადადები, არ არის პრობლემა მოგვართეთ, მობრძანდით და განვიხილოთ. თუ მეტყვით, რომ რომელიმე ეტაპზე არასწორი ნაბიჯები გადაიდგა, არ ვარ ის ადამიანი ვინც შენიშვნას არ მიიღებს და არ ეცდება გამოსწორებას. ძალიან ბევრი კარგი სივრცეა ცენტრის შენობაში დისკუსიისთვის. კინკლაობას სჯობს მობრძანდეთ, ყველა სწორი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე, ისაუბრა იმ კრიტიკაზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის მისამართით აგორდა.

„არ მინდოდა ამ საკითხს შევხებოდი, რადგან ჩვენი ცენტრის კომპეტენციას სცდება, მაგრამ როგორც ძველ კლინიცისტს მეც ბევრი შეხება მქონდა, როდესაც პაციენტებს ინდივიდუალურად ვმკურნალობდი და თან ჩემი ძირითადი სპეციალობა არის რესპირაციული დაავადებები. ძალიან ხშირად გამომიყენებია პლანქველინი 80-90-იან წლებში. დღეს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელია ბატონი თენგიზ ცერცვაძე. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული ექიმი კლინიცისტი. მეც ხშირად მივდივარ მასთან რეკომედნაციებისთვის. არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა სწორედ პლანქველინით უმკურნალეს ჩემ შვილს და მაგიტომაც გამოჯანმრთელდა სწრაფად. ეს ახალი წამალი არ არის 40-50 წელია არსებობს და გამოცდილია ბევრი დაავადების დროს. მივმართავ ჩემ ახალგაზრდა კოლეგებს მათ ვინც უცხოეთშია, ვაფასებ მათ განათლებას ამერიკულს თუ ბრიტანულს, რა სჯობს ამას, მაგრამ კიდევ არის სხვა რამ წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს. ამიტომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით ასე. ყველას საყურადღებოდ ვამბობ ამას, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს, მან შექმნა დარგები. ორ უზარმაზარ დარგს ჩაუდგა სათავეში და ახლაც ამ დიდი ბრძოლის შუა ცეცხლშია. ის ხელმძღვანელობს პროტოკოლით და მოდით დავანებოთ თავი ამ დისკუსიას. ვიდისკუსიოთ იმაზე თუ რა ახალი წამლები იქმნება. სხვადასხვა პროტოკოლებით 10-15 დასახელებს წამალი გამოიყენება დღეს, თუმცა მყარი მტკიცებულებები ჯერ არ არის დაგროვილი. ამიტომაც გთხოვთ, გაიმართოს დისკუსიები პროფესიულ წრეებში და არა ტელევიზიებსა და ფეისბუქებში“, – დასძინა გამყრელძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.

22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....