ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების საშუალება ექნებათ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანის ინფორმაციით, მოქალაქეებს დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში.
“თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გაადაგილება შეზღუდულია ამ კვირის ბოლომდე, თუმცა ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმისათვის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეექნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში და ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტლების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილებისთვის საშვების უშუალო უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, ეპიდემიის გამო, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილამდე გაგრძელდება.ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 17 აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.
ამასთან, ქვეყანაში, 27 აპრილიდან, ანუ ორშაბათიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების.