“კოვიდ 19″-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევებზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა საზოგადოებას COVID 19-თან ერთად, გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება კიდევ 1 წლით მოუწიოს.
“კოვიდ 19”-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევებზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. მაგალითად, ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობების, მოგვიწევს ამაზე საკმაო ხნით გადაჩვევა. ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება, ამუშავდება, ნელ-ნელა.
რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით “კოვიდ 19″-თან ცხოვრებას.
რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს. უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის,”- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.