“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე, ბერა და ბიძინა ივანიშვილების დღეს გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხვალ უმრავლესობის წევრები ისე მიესალმებიან ერთმანეთს, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს ვიდეოში.
გოცირიძის თქმით, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და ამ ფონზე ქვეყნის არაფორმალური მმართველის მხრიდან მსგავსი კონტენტის გაზიარება ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებს.
„მე ძალიან მაინტერესებს ხვალინდელი დღე – ხვალ მთელი უმრავლესობა ისე მიესალმება ერთმანეთს, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილის ტიკტოკშია. რასაც ბიძინა აკეთებს, იმას გაიმეორებენ და ეს წამახალისებელი საქციელია. ამით რის თქმა სურდა, ძნელია – მაგრამ დაახლოებით ისე აღიქმებოდა, რადგანაც ფეხები გამოიყენებოდა აქტიურად, ანუ „ფეხებზე მკიდიხართო“. თუ ვინმე დაიქირავეს და ტროლები რომ ჰყავთ, მათი შემოთავაზებაა, მაშინ თავი დაანებონ – დიდი გულისწყრომაა ხალხში. ხალხი მშიერია და როცა ასეთი ვითარებაა, რომ მოსახლეობის ნაწილს ერთი თვე ეყოფოდა თანხა თავის გასატანად და საკვების საყიდლად. „ფორმულას“ კვლევა და მსოფლიო ბანკის სიღარიბის შესახებ კვლევა ზუსტად ემთხვეოდა ერთმანეთს – მხოლოდ 7%-ს აქვს შესაძლებლობა, ე.წ. შუა ფენას, რომ თავი გაიტანოს. როცა ამბობს ხელისუფლება, რომ არ სჯერათ კვლევები – აბა იგივე გაუბედონ მსოფლიო ბანკს – 69% არის ღარიბი. მოსახლეობის 90% დღეს გახდა ღატაკი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, “tik tok”-ზე ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა, მისი და ბიძინა ივანიშვილის ვიდეო.