ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტყუილია ინფორმაცია, თითქოს “პლაქვენილს“ უსიმპტომო, ჯანმრთელ პაციენტებზე საპროფილაქტიკოდ იყენებენ”- ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ პრეპარატი “პლაქვენილი” წარმატებით გამოიყენება, თუმცა მისი მიღება უსიმპტომო ინფიცირებული პაციენტებისთვის არ ხდება.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნულითკიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას საქართველოში მოქმედი კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლის შესახებ.

ცერცვაძის განმარტებით, ზურაბ გურულის მოსაზრება, რომ თითქოს საქართველოში მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა და პაციენტებს არასწორად მკურნალობენ, აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს,

“ვფიქრობ იმაში, რომ ძალიან მძიმე და ხანდაზმული ავადმყოფები არ მიგვყავდა მართვითი სუნთქვის საჭიროებამდე და მანამდე ხდებოდა მათი გამოჯანმრთელება, აქაც ერთ-ერთი დამსახურება სწორედ პრეპარატ „პლაქვენილს“ ეკუთვნის. თუმცა, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს „პლაქვენილს“ უსიმპტომო, ჯანმრთელ პაციენტებზე და საპროფილაქტიკოდ იყენებენ.

მინდა ვთქვა, რომ საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ „პლაქვენილზე“. ჩვენ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ პრეპარატი „ტოცინიზუმაბი“ მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ. ეს ძალიან ძლიერმოქმედი მედიკამენტია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება. ჩვენ სისტემატიურად ვართ ყველა სიახლის საქმის კურსში და ვცდილობთ საქართველოში დავნერგოთ ნებისმიერი ინოვაცია, რომელიც გამოჩნდება, იქნება ეს ახალი მედიკამენტი თუ მკურნალობის მეთოდი. იცით, რომ ვმუშაობთ კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფის პლაზმის გადასხმაზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე,“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. ზურაბ გურულის განცხადებით, ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის.

 

იტვირთბა....