პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტებიდან 9 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, აქედან 3-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
რატიანის ინფორმაციით, მათთან კოვიდინფიცირებული სულ 91 პაციენტი გადის მკურნალობას.
“დადასტურებული კოვიდინფექციის შემთხვევა არის 91, მათგან 9 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში. აქედან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ჰემმოდინამიკის რღვევით, ხოლო 6 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს,”- განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, 47 პაციენტთან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონია.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვი 408-მდე გაიზარდა. ვირუსისგან გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ხოლო, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4779, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 561 პირი.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.