ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნებისმიერ სისტემას გაუჭირდება პიკის გადატანა, თუ ის უკონტროლო იქნება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, სისტემის მზაობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. როგორც გაბუნია აცხადებს, თეორიულ ვარიანტშიც კი არ სურს, განიხილოს ის სცენარი, რომ ჩვენ რატომღაც არ განვაგრძობთ რეკომენდაციების გათვალისწინებას და დაველოდებით იმას, რამდენად გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა პიკთან დაკავშირებულ შემოტევას.

„რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის მზაობას, დიდი ხანია ის ემზადება იმისათვის, რომ სისტემას ჰქონდეს შესაბამისი პასუხის საშუალება. თუმცა როგორც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, ეს პასუხი შესაძლოა, იყოს ეფექტური, თუ სოციალური დისტანციის შედეგად მივიღებთ ეტაპობრივ და ნელ გავრცელებას.

რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ჩვენს სისტემას, არამედ ნებისმიერ სისტემას გაუჭირდება პიკის გადატანა, თუ ის უკონტროლო იქნება. ამდენად, კვლავაც ერთადერთი გზა, რომ გავუძლოთ და გადავიტანოთ ეს ეპიდემია არის, პრევენციის ის ზომები, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, მობილიზებულია პირველადი ჯანდაცვა, მობილიზებულია ჰოსპიტალური ქსელი, 24 საავადმყოფო როგორც კორონავირუსის მიმღებ და ცხელების კლინიკად არის იდენტიფიცირებული, 16 საავადმყოფო რაიონულ დონეზე სრულიად მომზადებულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 402 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 95 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,436,067 მიაღწია. გარდაიცვალა 166,757ადამიანი, გამოჯანმრთელდა 637,377 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....