ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლნისში გუშინ ტესტირება 30 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 21-ის პასუხები დღეს მიიღეს. 21 პაციენტიდან COVID 19 ორს დაუდასტურდა, 9 ადამიანის ტესტის პასუხს კი კვლავ ელოდებიან.
„ბოლნისში პირველი შეზღუდვა, სადაც ჩაიკეტა თემში შემავალი სოფლები, იყო ქვემო ბოლნისში და გაამართლა ამ შეზღუდვამ. იქ იყო 6 დადასტურებული შემთხვევა და შევინარჩუნეთ ეს სტატისტიკა და ზრდა არ გვაქვს. შემდეგ სავანეთი ჩავკეტეთ იმიტომ, რომ იქაც იყო გავრცელების მაღალი რისკები და იქაც, პრაქტიკულად, ვინარჩუნებთ სიტუაციას და გუშინწინ კაზრეთი და ბალიჭები ჩავკეტეთ იმიტომ, რომ უკვე ველოდით ბოლნისის ადმინისტრაციული ცენტრიდან გავრცელებას.
გაჩნდა შიდა გავრცელების ახალი კერები, მათ შორის, ცნობილია, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმები და ექთნები დაინფიცირდნენ, აქედან გამომდინარე, მოგვიწია დამატებითი შეზღუდვების გატარება და გუშინ ჩვენ ჩავკეტეთ ბოლნისის ადმინისტრაციული ცენტრი და რაჭისუბანი.
გუშინ იყო შიდაგავრცელების ნახტომისებური ზრდა, პრაქტიკულად, 19 დადასტურებული ფაქტი დაფიქსირდა. კონტაქტების მოძიება გრძელდება და გადაგზავნილია 30 საკვლევი მასალა ლაბორატორიაში და დღეს დღის განმავლობაში ჩვენ გვეცოდინება პასუხები”, – განაცხადა ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
ამასთანავე, მან რუსთავსა და მარნეულში არსებული ვითარებაც შეაფასა და განაცხადა, რომ რუსთავში დაინფიცირებულთა რაოდენობას 8 ადამიანისთვის არ გადაუჭარბებია.
„რუსთავში იყო ეროვნული ბანკის კლასტერი ორი ოჯახი და რეალურად 8 დადასტურებული ფაქტი გვქონდა. მას მერე გავიდა, დაახლოებით, 2 კვირა და რუსთავში ზრდა არ გვაქვს, საბედნიეროდ და ეს ადამიანებიც, სავარაუდოდ, დღე-დღეზე უკვე გამოჯანმრთელებულები გაეწერებიან.
მარნეულშიც იყო და არის შეზღუდვები და ძალიან კარგად იმუშავა ინდივიდუალური ტრანსპორტის შეზღუდვამ მთლიანად მხარეში. ოჯახებშია ხალხი, გადაუდებელი საჭიროების გარდა არ გამოდიან გარეთ, იცავენ რეგულაციებს და ეს არის უპირველესი გარანტი, რომ ჩვენ შევაჩერებთ შიდა გავრცელებას”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა დასტურდება. გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.
ამასთან, დღეს საქართველომ კორეისგან 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო.