“არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიასა და ესპანეთში ხდებოდა”, – ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მარეხ ბექაიამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
„დღეს მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღეა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის, მოსახლეობა კი – საკუთარი სახლებიდან. იმედია, რომ ყველა დარჩებით სახლებში. ამ ეტაპისთვის ჩვენი რესურსები საკმარისია, ათეულობით პაციენტის მოვლისთვის და მათი მკურნალობისთვის. ჩვენ ვნახეთ, მსოფლიოს დიდი ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც ეს დაავადება შეეხო, არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადეს – სასახლეში მყოფი მიცვალებულების. ყველა მოქალაქეს ვურჩევ, ილოცონ სახლიდან“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.
შეგახსენებთ, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა დასტურდება. გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.
ამასთან, დღეს საქართველომ კორეისგან 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო.