ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
გურამ დონაძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო გუშინ დატოვა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.
ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
2018 წლის დეკემბერში, ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო.
გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.